წესები გუნდებისათვის
სეზონი: 2021 წ.


1. საერთო მდგომარეობანი

1.1 თამაშში მონაწილეობას იღებს 2 გუნდი - „ტელემაყურებელთა გუნდი“ (ტელემაყურებლები) და „მოაზროვნეთა გუნდი“ (მოაზროვნეები).

1.2 ტელემაყურებლები მოაზროვნეებს უსვამენ კითხვებს. მოაზროვნეებს პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევათ ერთი წუთი.
– თუ მოაზროვნეები სწორად პასუხობენ დასმულ კითხვას, ისინი ეუფლებიან ქულას;
– თუ მოაზროვნეთა პასუხი მცდარია, ქულა ერიცხება ტელემაყურებლებს. ქულის გარდა, ტელემაყურებელი, რომლის კითხვაზეც მცდარი პასუხი იქნა გაცემული, იღებს ფულად ჯილდოს სპონსორისგან;
– პასუხის სისწორეს განსაზღვრავს თამაშის წამყვანი. საკამათო ან არასაკმარისი კონკრეტიკის შემცველი პასუხის დროს, წამყვანს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს სტუდიაში დამსწრე ნებისმიერ პირს (როგორც წესი, ინტერესთა დამცველებს, სხვა სპონსორებს, ტრადიციების დამცველს, უხუცესებს, ექსპერტებს და ა.შ.). ქულის ჩათვლა / არ ჩათვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თამაშის წამყვანი.

1.3 სათამაშო მაგიდა გაყოფილია 12 სექტორად. მოაზროვნეებისთვის დასასმელ კითხვას „განსაზღვრავს“ ბზრიალას ისარი. თუ ისარი მიუთითებს იმ სექტორზე, რომელმაც უკვე ითამაშა, მოაზროვნეებს დაესმება კითხვა მომდევნო სექტორიდან, რომელიც გადაითვლება საათის ისრის მიმართულებით;

1.4 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სტუმარი“. ამ რაუნდში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს დარბაზში უშუალოდ მყოფი საპატიო სტუმარი (საქართველოში საზოგადოდ ცნობადი ადამიანი ან სპონსორის წარმომადგენელი);

1.5 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სუპერბლიცი“. ამ რაუნდში თამაშდება 3 კითხვა. სათამოშო მაგიდასთან რჩება მხოლოდ ერთი მოაზროვნე (კაპიტნის გადაწყვეტილებით). წამყვანი უსვამს მოაზროვნეს ტელემაყურებლების კითხვებს, მოაზროვნეს თითოეულ კითხვაზე პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევა 20 წამი. სუპერბლიცში არ მოქმედებს „ვადამდელი პასუხის“ წესი. ვადამდელი სწორი პასუხის შემთხვევაში, 20 წამის შენახვა არ ხდება. სუპერბლიცის სექტორში გასამარჯვებლად მოაზროვნემ სწორი პასუხი უნდა გასცეს სამივე კითხვას;

1.6 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „ბლიცი“. ამ რაუნდში თამაშდება 3 კითხვა. რაუნდს გუნდი თამაშობს სრული შემადგენლობით. წამყვანი უსვამს მოაზროვნეებს ტელემაყურებლების კითხვებს, მოაზროვნეებს თითოეულ კითხვაზე პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევათ 20 წამი. ბლიცში არ მოქმედებს „ვადამდელი პასუხის“ წესი. ვადამდელი სწორი პასუხის შემთხვევაში, 20 წამის შენახვა არ ხდება. ბლიცის სექტორში გასამარჯვებლად მოაზროვნეებმა სწორი პასუხი უნდა გასცენ სამივე კითხვას;

1.7 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „ზერო“. ამ რაუნდში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს „ბატონი წამყვანი“;
– პროგრამის წამყვანს უფლება აქვს გამოაცხადოს სექტორები „სტუმარი“ და „ზერო“ ნებისმიერ რაუნდში, იმის მიუხედავად რომელ სექტორზე გაჩერდა ისარი. 

1.8 თამაში გრძელდება 6 ქულამდე.

1.9 მოაზროვნეებს უფლება აქვთ უპასუხონ დასმულ კითხვას მოსაფიქრებელი  წუთის გამოუყენებლად (ე.წ. „ვადამდელი პასუხის“ წესი). პასუხის სისწორის შემთხვევაში მოაზროვნეები იღებენ მოსაფიქრებლად „დამატებით წუთს“, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ამავე თამაშის მომდევნო რაუნდებში, ოღონდ არა „გადამწყვეტ რაუნდში“. 

1.10 თამაშის მსვლელობისას მოაზროვნეებს ერთხელ შეუძლიათ ისარგებლონ „კლუბის დახმარებით“. ძირითადი განხილვის წუთის ან 20 წამის (ბლიცის შემთხვევაში) გასვლის შემდეგ გუნდის კაპიტანს შეუძლია აიღოს „კლუბის დახმარება“;
– „კლუბის დახმარების“ აღება არ შეიძლება, როცა მოაზროვნეების გუნდი იგებს ან როცა ანგარიში საყაიმოა, აგრეთვე „გადამწყვეტ რაუნდში“ და რაუნდში „სუპერბლიცი“;
– კლუბს (ანუ დარბაზში დამსწრეებს) ეძლევა 20 წამი მოთამაშე გუნდის დასახმარებლად. კლუბის წევრები მოაზროვნეების გუნდს სთავაზობენ საკუთარ ვერსიებსა და აზრებს. ამის შემდგომ გუნდმა უნდა გასცეს პასუხი. „კლუბის დახმარებაში“ მონაწილეობის მიღება შეუძლია დარბაზში მყოფ ყველა პიროვნებას (გარდა შემოქმედებითი ჯგუფის თანამშრომლებისა და სპონსორების წარმომადგენლებისა).

1.11 5 ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ეს განპირობებულია სატურნირო აუცილებლობით, მოაზროვნეებს ეძლევათ უფლება ითამაშონ „გადამწყვეტი რაუნდი“. ამ შემთხვევაში ანგარიში ხდება 0:0, და სათამაშო მაგიდასთან რჩება მხოლოდ ერთი მოაზროვნე (გუნდის კაპიტნის არჩევანის შესაბამისად). გადამწყვეტ რაუნდში სწორი პასუხი ფასდება 6 ქულით;
– გადამწყვეტ რაუნდში არ შეიძლება არც „დამატებითი წუთის“ და არც „კლუბის დახმარების“ გამოყენება.
– სატურნირო აუცილებლობად ითვლება სიტუაცია, როცა გუნდი „გადამწყვეტი რაუნდის“ გარეშე ვერ აუმჯობესებს რეიტინგის ლიდერის შედეგს. სატურნირო აუცილებლობის გარეშე „გადამწყვეტი რაუნდის“ აღება აკრძალულია.

1.12 2021 წლის სეზონის ზოგიერთ სერიაში შესაძლოა აღდგეს „მცდარი პასუხისთვის მოთამაშის გაძევების წესი“. თუ გუნდმა არასწორად უპასუხა ტელემაყურებლის შეკითხვას, პასუხის გამცემი მოაზროვნე დისკვალიფიცირდება (ტოვებს სათამაშო მაგიდას) მისი გუნდის პირველივე სწორ პასუხამდე. თუ შემდეგ რაუნდში მოაზროვნეებმა კვლავ გასცეს მცდარი პასუხი, გაძევებული იქნება კიდევ ერთი მოპასუხე მოთამაშე და ა.შ. პირველივე სწორი პასუხის შემთხვევაში ყველა გაძევებული მოაზროვნე უბრუნდება სათამაშო მაგიდას.

1.13 კლუბის უხუცესები და ტრადიციების დამცველი
– კლუბის უხუცესები (მათ შორის ტრადიციების დამცველი) არიან „ყოფილი მოაზროვნეები“, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ კარიერულ წარმატებას და შეწყვიტეს „რა? სად? როდის?“ აქტიური თამაში. უხუცესებს (მათ შორის ტრადიციების დამცველს) პერსონალურად იწვევს წამყვანი.

1.14 კლუბის მაგისტრი
- საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ მაგისტრი სახელდება 5 სეზონში ერთხელ და წარმოადგენს საპატიო ტიტულს. კლუბის მაგისტრს ასახელებს წამყვანი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.

1.15 დისციპლინარული სასჯელი
– დარბაზის განმკარგულებლებს გააჩნიათ წითელი ბარათები, რომელიც შეიძლება ნაჩვენები იქნას არაკორექტული ქმედების ან კარნახის (კარნახის მცდელობის) შემთხვევაში;
დარბაზში მაყურებლის სტატუსით მყოფი მოაზროვნე, რომელიც მიიღებს წითელ ბარათს მაგიდასთან მოთამაშე გუნდისთვის კარნახის მცდელობისთვის, გაძევებული იქნება დარბაზიდან და ავტომატურად დისკვალიფიცირდება 2023 წლამდე. აღნიშნული მოაზროვნე აღარ დაიშვება არც 2021 წლის დარჩენილ თამაშებზე და არც 2022 წლის კასტინგში/დრაფტში;
– დარბაზში მაყურებლის სტატუსით მყოფი პირი, რომელიც მიიღებს წითელ ბარათს მაგიდასთან მოთამაშე გუნდისთვის კარნახის მცდელობისთვის, გაძევებული იქნება დარბაზიდან და ავტომატურად დისკვალიფიცირდება 2023 წლამდე;
– თუ დისკვალიფიცირებული მოაზროვნის გუნდს უწევს თამაში 2021 წლის სეზონში, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვაკანტური ადგილის სხვა მოაზროვნით შევსების შესახებ.


2. 2021 წლის სეზონის სტრუქტურა

2.1 სეზონი შედგება 2 სერიისგან: შემოდგომის სერია (6 თამაში) და ზამთრის სერია (6 თამაში) – სულ 12 ეთერი.

2.2 2021 წლის სეზონის შემოდგომისა და ზამთრის სერიებში მონაწილეობას მიიღებს 10 გუნდი: პირველი არხის სახეების (სელებრითების) გუნდი, 8 კაპიტნის მიერ დრაფტის წესით შედგენილი გუნდები, პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შედგენილი ერთი გუნდი. გუნდების განაწილება სერიების მიხედვით შემოქმედებითი ჯგუფის პრეროგატივაა.

2.3  შემოდგომის სერია (6 თამაში)

2.4 შემოდგომის სერია შედგება 5 შესარჩევი თამაშისა და ფინალისგან.

2.5 შემოდგომის სერიაში შესარჩევი თამაშების თანმიმდევრობა შემდეგია: პირველი არხის სახეების გუნდი, ნიკოლოზ ჭურაძის გუნდი, ირინა ფრუიძის გუნდი,  ალექსანდრე ლორთქიფანიძის გუნდი, ოთარ საბაშვილის გუნდი. 

2.6 შესარჩევი თამაშების შედეგად სერიის ფინალში გადის მოაზროვნეების გუნდი, რომელმაც მოუგო ტელემაყურებელს საუკეთესო შედეგით (უფრო დიდი ანგარიშით). შესარჩევ თამაშებში ერთნაირი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების შემთხვევაში ფინალში გადის გუნდი, რომელიც სხვებზე გვიან ატარებდა თამაშს. 
„გადამწვეტ რაუნდში“ მოპოვებული გამარჯვების (6:0) გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ იგივე შედეგის გამეორებით (თამაშიდან ან გადამწყვეტი რაუნდის დახმარებით).

2.7 შემოდგომის სერიის მე-6 თამაში წარმოადგენს სერიის ფინალს. 

2.8  ზამთრის სერია (6 თამაში)

2.9 ზამთრის სერია შედგება 5 შესარჩევი თამაშისა და ფინალისგან.

2.10 ზამთრის სერიაში შესარჩევი თამაშების თანმიმდევრობა შემდეგია: გიორგი მელაძის გუნდი, ლაშა ბოჟაძის გუნდი, დავით სიჭინავას გუნდი, დავით რაფავას გუნდი, ბაჩანა შენგელიას გუნდი. 

2.11 შესარჩევი თამაშების შედეგად სერიის ფინალში გადის მოაზროვნეების გუნდი, რომელმაც მოუგო ტელემაყურებელს საუკეთესო შედეგით (უფრო დიდი ანგარიშით). შესარჩევ თამაშებში ერთნაირი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების შემთხვევაში ფინალში გადის გუნდი, რომელიც სხვებზე გვიან ატარებდა თამაშს. 
„გადამწვეტ რაუნდში“ მოპოვებული გამარჯვების (6:0) გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ იგივე შედეგის გამეორებით.

2.12 ზამთრის სერიის მე-6 თამაში წარმოადგენს სერიის ფინალს. 

3. ინდივიდუალური ჯილდოები

3.1 2021 წლის სეზონის ყველა თამაშში (როგორც შესარჩევი, ასევე ფინალური) „ტელემაყურებელთა ინტერესების დამცველი“ ასახელებს დღის საუკეთესო ტელემაყურებელს ანუ საუკეთესო შეკითხვის ავტორს (იმის მიუხედავად, ვინ მოიგო თამაში). 

3.2 2021 წლის სეზონის ყველა თამაშში (როგორც შესარჩევი, ასევე ფინალური) „მოაზროვნეთა ინტერესების დამცველი“ ასახელებს დღის საუკეთესო მოაზროვნეს (იმის მიუხედავად ვინ მოიგო თამაში).

3.3 თუ მოაზროვნეების გუნდმა გაიმარჯვა შემოდგომის ან ზამთრის სერიების ფინალურ თამაშებში, მაშინ ამ გუნდების შემადგენლობიდან სახელდება სერიის საუკეთესო მოთამაშე. ის ხდება „ბროლის ბუს“ მფლობელი.
– „ბროლის ბუს“ მფლობელის ვინაობას ასახელებს პროგრამის წამყვანი მოაზროვნეთა ინტერესების დამცველთან კონსულტაციის შემდეგ.

3.4 თუ ტელემაყურებლების გუნდმა გაიმარჯვა შემოდგომის ან ზამთრის სერიების ფინალურ თამაშებში, მაშინ სახელდება სერიის საუკეთესო ტელემაყურებელი. ის ხდება „ბროლის ბუს” მფლობელი.
– „ბროლის ბუს“ მფლობელის ვინაობას ასახელებს ტელემაყურებელთა ინტერესების დამცველი.

*- შენიშვნა: 2021 წლის სეზონის განმავლობაში შესაძლებელია წესების შესწორება ან კორექტირება, რაც გუნდებს ეცნობებათ დამატებით.



შექმნილია ომედიაში